ალექსეი ნავალნის სახაროვის პრემია მიენიჭა
20/10/2021 14:52:10 მსოფლიო
რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის სახაროვის პრემია მიენიჭა. ოპოზიციონერის კანდიდატურა "ევროპის სახალხო პარტიამ" და "ევროპის განახლების" ფრაქციამ წარადგინეს.
2021 წელს პრემიის ნომინანტებს შორის ასევე იყვნენ ბრიტანული ორგანიზაცია ეკოლოგიის საკითხებში Global Witness, ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი ხეანინე ანიესი, აქტივისტი სულთან ჰაია და 11 ავღანელი ქალი.
დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში 15 დეკემბერს გაიმართება.
"ბატონო პუტინ, გაათავისუფლეთ ალექსეი ნავალნი. ევროპა მოითხოვს მისი და ყველა პოლიტიკური პატიმრის თავისუფლებას", - აცხადებენ ევროპის სახალხო პარტიაში.
ევროპარლამენტის ხელმძღვანელი დევიდ სასოლი კი წერს, "ის დაუღალავად ებრძვის ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კორუფციას. ეს მას თავისუფლების და თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. დღევანდელი პრემია ადასტურებს მის უდიდეს სიმამაცეს და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მისი გათავისუფლებისკენ".
"სახაროვის პრემია, რა თქმა უნდა, ასევე არის პრემია ყველა ჩვენგანისთვის. ყველა არაგულგრილ ადამიანს, რომლებიც ყველაზე ბნელ პერიოდში არ შეშინებულან სიმართლე ესაუბრათ. ყოველდღიურად ჩვენ უფრო მეტნი ვართ და ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ", - აცხადებენ ნავალნის მიერ დაფუძნებულ კორუფციასთან ბრძოლის ფონდში.
ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია - ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში. მას 1988 წლიდან გასცემენ და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი ევროა.
სხვადასხვა დროს ლაურეატები გამხდარან სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, გაეროს ხელმძღვანელი კოფი ანანი, რუსი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა, უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი. გასულ წელს პრემია ბელარუს ოპოზიციას გადაეცა.


