
რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა
20/10/2021 11:19:36 საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია, – ამის შესახებ "საქართველოს პირველ არხს" ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს.
„ამასთან, ექიმს, რომელმაც იმუნიზაცია ჩაატარა, არ აქვს აცრის ჩატარების სერტიფიკატი და ამასთან, შარშან გამოვლინდა მის მიერ სერტიფიკატების გაყალბების ფაქტები, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეც აღიძრა“, – აცხადებენ უწყებაში.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს. როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ და 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. მათივე თქმით, ინექცია გაუკეთეს ბავშვებსაც.
პაციენტები ყვებიან, რომ მათი მხრიდან პრეტენზიების წაყენების შემდეგ, კლინიკის წარმომადგენლებმა შენობა სასწრაფოდ დატოვეს.
მოქალაქეებმა ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.