
2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო საგნის მეტი არჩევანი ექნებათ
20/10/2021 08:28:19 საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი მესამე სავალდებულო საგნის მეტ არჩევანს სთავაზობს. ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ისაუბრეს.
მათი თქმით, მესამე სავალდებულო, არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს გაუზრდის მათთვის სასურველი ჩასაბარებელი საგნების არჩევანის შესაძლებლობას და დაეხმარება უნივერსიტეტში სწავლის პროცესში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის უკეთ ათვისებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებში გაზრდის ინტერესს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა საგნის მიმართ.
2022 წელს დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხება გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.