
ლომჯარია– სააკაშვილზე: "ნებისმიერ დროს შესაძლებელია, გართულდეს მდგომარეობა, ექიმების რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციაა"
19/10/2021 19:25:27 პოლიტიკა, საზოგადოება
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექიმების რეკომენდაცია, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში პრევენციული მიზნით გადაიყვანონ.
მისი თქმით, თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამწუხაროდ, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ არის საღ გონებაზე.
"ექიმთა შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით, ანალიზების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მაგრამ გამომდინარე, იქიდან, რომ არის მე-19 დღე შიმშილობის, ნებისმიერ დროს შესაძლოა, გართულდეს მდგომარეობა,ამიტომ პრევენციული მიზნით რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას. რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპისთვის ამაზე თანხმობა არ აქვს გაცემული მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ ვმსჯელობთ, რომ სანამ თანხმობას განაცხადებს ადგილზე იყოს მობილიზებული სამედიცინო პერსონალი, თუკი მდგომარეობა გართულდება. თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამწუხაროდ, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ არის საღ გონებაზე. თუმცა თუ ვითრება გართულდა და პაციენტი გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს, მაშინ კრიტიკულ სიტუაციაში ექიმები ვალდებულები არიან, გაუწიონ დახმარება. დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.