
ნატო: "ალიანსი რუსეთის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკას აგრძელებს"
19/10/2021 08:41:54 მსოფლიო
ნატო-ს პრეს-სპიკერის ოანა ლუნგესკუს განცხადებით, ალიანსი რუსეთის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკას აგრძელებს.
მისი თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება ბრიუსელსა და მოსკოვში დიპლომატიური მისიების მუშაობის შეჩერების შესახებ დასანანია, მაგრამ ალიანსი ღიაა დიალოგისთვის, მათ შორის რუსეთ-ნატოს საბჭოს მეშვეობით.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ შეაჩეროს ნატო -ში დიპლომატიური მისიის და მოსკოვში ნატო-ს სამხედრო სამეკავშირეო მისიის მუშაობა და დახუროს მოსკოვში ნატო-ს საინფორმაციო მისია. ვწუხვართ ამ ნაბიჯების გამო. ნატო რუსეთის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკას აგრძელებს. ჩვენ გავაძლიერეთ შეკავება და თავდაცვა რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ამავდროულად, ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით", – განაცხადა ლუნგესკუმ.
ნოემბრის დასაწყისიდან რუსეთი ნატო-ში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობის მუშაობას შეაჩერებს. ამის შესახებ დღეს რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა 18 ოქტომბერს განაცხადა და იქვე განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა ალიანსის მიერ ნატო-ში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობის 8 თანამშრომლისთვის აკრედიტაციის შეჩერების საპასუხოდ მიიღო.
"ნატო-ს მხრიდან მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად პრაქტიკულად, აღარ გვაქვს სათანადო პირობები ელემენტარული დიპლომატიური საქმიანობისთვის. ამდენად, ნატო-ს ნაბიჯების საპასუხოდ ჩვენი წარმომადგენლობის, მათ შორის მთავარი სამხედრო წარმომადგენლის მუშაობას ვაჩერებთ", - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ნატო-ს საერთაშორისო სამდივნოს უკვე ეცნობა.
მისივე თქმით, შეჩერდება ასევე მოსკოვში ნატო-სთან კავშირის სამხედრო მისიის საქმიანობა, მისი თანამშრომლების აკრედიტაცია კი 1 ნოემბრიდან იქნება გაწვეული.
ამასთანავე, მოქმედებას შეწყვეტს მოსკოვში ნატო-ს საინფორმაციო ბიურო, რომელიც ბელგიის საელჩოსთან მოქმედებდა. "თუ ნატო-ელებს რაიმე გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდებათ, შეეძლებათ, ბელგიაში ჩვენს ელჩს მიმართონ", - აღნიშნა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, "რუსეთი აღარ აპირებს, თავი იკატუნოს, თითქოს სამომავლოდ ნატო-სთან ურთიერთობაში რაიმე სასიკეთო ცვლილებების პერსპექტივები არსებობდეს".
"არავითარ თანასწორუფლებიან დიალოგში, არავითარ ერთობლივ მოქმედებაში ნატო დაინტერესებული არაა. ხოლო თუ ასეა, ვერ ვხედავთ აუცილებლობას, გავაგრძელოთ თავის კატუნი, თითქოს თვალსაწიერ მომავალში მასთან ურთიერთობებში რაიმე სახის პოზიტიური ძვრების პერსპექტივები არსებობს, რადგან ნატო-მ უკვე განაცხადა მსგავსი ცვლილებების შეუძლებლობის თაობაზე" - დასძინა ლავროვმა.