
"მნიშვნელოვანია, კოვიდ-საშვის აპლიკაციის გამოყენება სავალდებულო გახდეს ჯერ ბიზნესისთვის, შემდეგ კი – ისეთ ლოკაციებზეც, რომელიც მოქალაქეების პირველად საჭიროებას წარმოადგენს"
18/10/2021 09:10:09 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ირიბი რეგულაციები.
"მნიშვნელოვანია, კოვიდ-საშვის აპლიკაციის გამოყენება სავალდებულო გახდეს ყველა დაწესებულებისთვის და ყველა ბიზნესისთვის, რადგან სწორედ გარკვეული სავალდებულო ღონისძიებით შეიძლება, წავახალისოთ ვაქცინაცია. ჩვენ უკვე მზად გვაქვს ეს ინიციატივა, ამაზე ახლა საჭიროა ნება და თანხმობა. მომხრე ვარ, რომ საზოგადოებას არ შეექმნას ზედმეტი დისკომფორტი, რადგან თითქმის ორი წელია, ისედაც რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, ეს კი საზოგადოების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანია, რომ ეს აპლიკაცია პირველ რიგში, ამოქმედდეს ისეთ ბიზნესებში, რომელიც არ არის მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების და ეტაპობრივად, უკვე შემდეგ გადანაცვლდეს ისეთ ლოკაციებზეც, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების პირველად საჭიროებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ–საშვის ონლაინ–პლატფორმა შექმნა. პლატფორმის მეშვეობით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდ სტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ვაქცინაციის პროცესი ძალიან შენელდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 664 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 614 855 პირი გამოჯანმრთელდა, 9 510 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 914 269 აცრა, დღიურად აცრილია 2 260.