Accentnews.ge
"ვფიქრობდით, რომ რუსები არასდროს შემოიჭრებოდნენ თბილისში"

"ვფიქრობდით, რომ რუსები არასდროს შემოიჭრებოდნენ თბილისში"

08/08/2019 11:51:58 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან რუსი კოლეგის ქმედებები 2008 წელს ვერ გათვალა. ამის შესახებ სააკაშვილმა IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"პუტინი ვერ გავთვალე, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ რუსები არასდროს შემოიჭრებოდნენ თბილისში და ჩვენ ამაში ჩვენი დასავლელი მეგობრებიც გვარწმუნებდნენ. ჩვენი ვარაუდით, თუ რუსეთს აფხაზეთსა და ოსეთს შორის გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა, ისინი აფხაზეთისთვის ომს აირჩევდნენ",– განაცხადა სააკაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ ის დასავლელი მეგობრები, სააკაშვილი პასუხობს, რომ „ყველა“.

„ყველა ამბობდა, რომ რუსეთი არასდროს შემოიჭრებოდა ჩვენთან. კონდი რაისი ამას გამუდმებით იმეორებდა. „მე ვიცნობ რუსებს, მე იქ ნამყოფი ვარ, მე იქ მიციგურავია, როდესაც პატარა გოგო ვიყავი. მე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში დავდიოდი, ისინი შენს წინააღმდეგ პროვოკაციას განახორციელებენ, თუმცა არაფერს მოიმოქმედებენ“ - ეს იყო მათი შეფასებები. ერთადერთი, ვინც განსხვავებულად საუბრობდა, შტაინმაიერი იყო. მან ეს ძალიან ხისტად გვითხრა. მაშინ შტაინმაიერი ნაჩქარევად ჩამოვიდა საქართველოში. ის ნერვიულობდა. ის იმიტომ ჩამოვიდა, რომ მან იცოდა, შემოჭრა განხორციელდებოდა და უნდოდა ეჩვენებინა, რომ ისინი რაღაცის გაკეთებას ცდილობდნენ. მან ჩვენ გერმანული სტილით გვითხრა, რომ შემოჭრა განხორციელდებოდა.


რესტორანში ვისხედით, როცა მან ჩანგალი დადო და თქვა, „ბიჭებო, რა სამშვიდობოებზე საუბრობთ? მალე დიდი მასშტაბის ომი გექნებათ. რა? ვკითხეთ გაოცებულებმა. „გეტყვით, როგორც იქნება“, - განაგრძო მან. თქვენს შორის იქნება ცეცხლი. წარსულში მათ ეს ცეცხლი შეწყვიტეს, ახლა ასე აღარ მოიქცევიან. შემდეგ რუსეთი მთელი ძალით დაგარტყამთ და სრულმასშტაბიანი ომი გექნებათ,“ - გვითხრა მან. ამის შემდეგ იყო რუსეთის ელჩი ევროკავშირში, რომელიც ევროპარლამენტ ელმარ ბროკის კარგი მეგობარი იყო. ბროკმა 2008 წლის ივლისში გამართულ იალტის კონფერენციაზე მითხრა, რომ მან რუსეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ სექტემბერში საქართველოში ვიზიტს და სიტუაციის როგორღაც დარეგულირებას გეგმავდა. ელჩმა კი მას უთხრა : „ელმარ, სექტემბერი ძალიან გვიანაა. თუ წასვლას აპირებ, ახლავე წადი.“ ელმარი ჭკვიანი კაცია, მიხვდა, რაზეც მიანიშნა ელჩმა და მკითხა : რუსები რამეს გეგმავენ?“, - აღნიშნავს ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი.

ჟურნალისტი საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მოქმედებასთან დაკავშირებით სააკაშვილის შეფასებით დაინტერესდა. 

„სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა. ის იყო ძალიან არაკომპეტენტური… სარკოზის წყენა ამერიკის მიმართ, აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ ნიშნავდა, რომ იგი ამერიკელების როლის დაქვეითებას ცდილობდა. ამერიკელებს არ სურდათ, რომ ეს მისია მას შეესრულებინა. სარკოზიმ, ფაქტობრივად, მოახერხა და ამერიკელები დიპლომატიური პროცესისგან ჩამოაშორა და ორმაგი თამაში ითამაშა. მოდით ვთქვათ, რომ ამ მისიის კარგი, პოზიტიური მხარე რუსეთისთვის ჯარის გაყვანის დავალდებულებაა, თუმცა მეორე მხრივ იმდენი ცუდი შედეგი მოჰყვა: ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების მიცემა, მათთვის გარკვეული ლეგიტიმური როლის მინიჭება და სარკოზის საქციელის ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის იყო, რომ მან ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაივიწყა. მან ის მისტრალებში გაცვალა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S