
"კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ასეთი ნახტომისებური ზრდა არის მეხუთე ტალღის დასაწყისი"
15/10/2021 15:49:04 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ნახტომისებური ზრდა არის მეხუთე ტალღის დასაწყისი.
"ვართ არა მეხუთე ტალღის ზღვარზე? - ამ სახელების დარქმევა გარკვეულწილად პირობითია. ზუსტად არავინ იცის სად გათავდა „მესამე ტალღა“, სად გათავდება მეოთხე და როდის დაიწყება „მეხუთე ტალღა“. დიახ, მე ვიტყოდი, რომ რამდენადაც „მეოთხე ტალღის“ შემდგომ იყო მნიშვნელოვანი კლება, როდესაც 1000-დან 2000-მდე შემთხვევა იყო, სიკვდილობის მაჩვენებელი კი, 80-დან 23-26-მდე ჩამოვიდა, ჩავთვალოთ, რომ „მეოთხე ტალღა“ გადავიარეთ მაშინ და ახლა ასეთი ნახტომისებური ზრდა არის „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის და აცრილთა რაოდენობა დღეში მერყეობს 4 ათასიდან 6 ათასამდე.
"ეს არის ერთი მხრივ სრულიად აუხსნელი რამ, საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი. ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს", – განაცხადა ცერცვაძემ.