Accentnews.ge
რა საკითხები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარელ კოლეგასთან შეხვედრისას

რა საკითხები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარელ კოლეგასთან შეხვედრისას

15/10/2021 13:52:40 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ გი პარმელენს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შვეიცარელ კოლეგასთან საუბრისას მთავარი ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობისა და რუსული ოკუპაციის საკითხებზე გაამახვილა.

"მე, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს, შვეიცარიის მიერ საქართველოს მიმართ სოლიდარობისათვის, ეს არის სოლიდარობა ორ პატარა ქვეყანას შორის და რომელიც პირველ რიგში გამოიხატულია შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მუდმივ მხარდაჭერაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც იცით ბევრად უფრო რთულ რეგიონში ვართ, ვიდრე შვეიცარია იმყოფება. ჩვენთვის ეს მხარდაჭერა ერთი მხრივ, არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ძალიან პრაქტიკულიცაა. მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება იმ როლისთვის, რასაც შვეიცარია ასრულებს 2009 წლიდან, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდგომ და ჩვენი რეგიონების ოკუპაციის შემდგომ, შვეიცარია შუამავალია ჩვენსა და რუსეთს შორის და ასრულებს ამ როლს მოსკოვში", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შვეიცარიის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო:

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე, უშუალოდ ბატონი პრეზიდენტის როლი, როცა გათავისუფლებული იქნა ზაზა გახელაძე, მას შემდეგ, რაც მას ჰქონდა საშუალება უმაღლეს დონეზე ესაუბრა რუსეთის ხელმძღვანელობასთან".

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძალიან მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა:

"ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული სიტუაცია. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი - ამ ხაზის აქეთ, თუ იქით. ეს ჰუმანიტარული მდგომარეობა უფრო დამძიმდა კოვიდის პირობებში, რამეთუ ეს გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ ჩაკეტილიყო გადასასვლელი პუნქტები და არ მიეცათ ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალო საშუალებებით სარგებლობის საშუალება. ასევე, გავუსვი ხაზი, იმას თუ რა პირობებში იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები, როცა მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ეძლევათ ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება. ჩვენთვის და მთლიანად რეგიონისთვის ძალიან პრობლემატურია ის მილიტარიზაცია, რასაც ვუყურებთ პრაქტიკულად ყოველდღიურად ორივე რეგიონში, ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელიც ახლახან დასრულდა, არ ვხედავთ ჯერ მდგომარეობის რაიმე გაუმჯობესებას, ან რაიმე მომავალ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაწყვეტს ამ ძალიან რთულ და მძიმე პირობებს".

მისივე თქმით, შვეიცარელ კოლეგასთან რეგიონში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შექმნილი ვითარებაც განიხილა:

"შეხვედრაზე განვიხილეთ ასევე, რეგიონში შექმნილი მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ, კონფლიქტი გაჩაღდა ჩვენ ორ მეზობელს შორის და პირველ ეტაპზე საქართველოს წარმატებული როლი მედიაციაში, რომელიც გაგარძელდება. ვიცი, რომ შვეიცარიაც ჩართულია. მისი სამშვიდობო როლი აქაც გამოიხატება და ყველასთვის ძალიან ნათელია, რომ ამ რეგიონში აუცილებელია სტაბილურობა, იმისთვის, რომ განხორციელდეს ყველა ის სამომავლო პროექტი, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს".

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ისაუბრეს:

"ვისაუბრეთ ორმხრივ მიმართულებებსა და ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე ეკონომიკური ურთიერთობებზე, რომელიც ძალიან დიდ პოტენციალს შეიცავს, რამეთუ ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც შვეიცარიას აქვს. ეს იქნება ტურიზმის სექტორში, ენერგეტიკაში, ეკოლოგიაში, სოფლის მეურნეობის დარგში, სამთო ტურიზმსა და სპორტში და იმ დარგში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკური განვითარებისათვის - პროფესიული განათლების დარგი. ასევე ტექნოლოგია, ინოვაცია, ყველაფერი ის, რაც პატარა ქვეყნისთვის იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი ეკონომიკური განვითარება უფრო სრულყოფილი და ადვილი იქნება".

პრეზიდენტმა შვეიცარელ კოლეგას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა:

"მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ მიღებისთვის, იმ საუბრისთვის, რომელსაც იმედი მაქვს, რომ საქართველოში გავაგრძელებთ, როცა გვესტუმრებით და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის გამოხატული მზადყოფნისათვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S