
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა
15/10/2021 06:30:01 საზოგადოება
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა.
როგორც ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი აცხადებს, ერთი პატიმარი მეორის გადასარჩენად შევიდა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ორივე გარდაიცვალა.
"ერთ-ერთი პატიმარი, რომლის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, შევარდა შიგნით მეორე პატიმრის გადარჩენის მიზნით, სამწუხაროდ, იქიდან ვეღარ გამოვიდნენ ძლიერი კვამლის გამო. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ", - განაცხადა მან.
სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ის ციხე, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ექს–პრეზიდენტი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.