
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება
14/10/2021 08:00:59 საზოგადოება
ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება.
„კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზოა ჩამონგრეული, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. ამ შენობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ჩემთვის უკვე ცნობილია. შესაბამისად, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი სადემონტაჟო სამუშაოებისთვის და საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი გამოვიტანეთ, პრაქტიკულად დემონტაჟი მალევე დაიწყება“, – განაცხადა ედნა ნატარიძემ.
რაც შეეხება დაზიანებული შენობის მომიჯნავე კორპუსებს, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ეს კორპუსები მდგრადია.
დანგრეული კორპუსიდან 55 ოჯახია გაყვანილი. მათთვის განიხილება მერიის საბინაო ფონდიდან ბინების, ასევე ფულადი კომპენსაციის გადაცემა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.