
მეუფე იოანე– სააკაშვილზე: "როცა დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს, არ ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება"
14/10/2021 07:00:25 პოლიტიკა, საზოგადოება
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის იოანეს განცხადებით, ვინც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს აწერს, ეს მათი სუბიექტური პოზიციაა.
მისი თქმით, როცა დამნაშავე დანაშაულს არ აღიარებს, შერიგება არ ხდება.
„რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ხელს, ეს მათი საქმეა. სუბიექტური პოზიციაა. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. 2005, 2006, 2007, 2008 წლებში არ გაგიჩნდათ კითხვა, არსებობს თუ არა სამართლიანი სასამართლო? 100 -ათასიანი მიტინგები რომ დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ ხომ? მაშინ ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა... ახლა გაგიჩნდათ კითხვები? როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“, - განაცხადა მეუფე იოანემ.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას უკვე შეუერთდნენ: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.