
"სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში"
08/08/2019 07:55:12 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ძალიან ნათელია, რომ სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.
„ვიგონებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად საკუთარი თავი გაწირეს, ასევე მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ამ ომს შეეწირა. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საკუთარი ძალები ომამდე პოზიციებზე, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც საქართვლოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებია. ვგმობთ ადამიანის უფლებების დარღვევას, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოველდღიურად ხდება, ასევე საქართველოს მოქალაქეების გატაცებას. მხარს ვუჭერთ, რომ იძულებით გადაადგილებული პირები დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. სრულად ვუჭერთ მხარს, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობა.
ვფიქრობ ძალიან ნათელია, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.
2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.
2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.