ვარშავა: "მიგრანტებმა პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა შტურმით სცადეს"
12/10/2021 05:55:18 მსოფლიო
ვარშავაში აცხადებენ, რომ საბუთების არმქონე მიგრანტებმა პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა შტურმით სცადეს,– იუწყება „დოიჩე ველე“.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დაურეგისტრირებელმა მიგრანტებმა ბელარუსის მხრიდან ორჯერ სცადეს საზღვრის გადმოკვეთა ძალისმიერი შტურმის გამოყენებით. ერთ შემთხვევაში 90–კაციანი ჯგუფი იყო წარმოდგენილი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 130–კაციანი. შტურმის აღკვეთა მესაზღვრეებისა და პოლონეთის არმიის ჩარევის შედეგად მოხერხდა.
ამასთან, პოლონეთი გასულ შაბათ-კვირას საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის 2 000-ზე მეტი ფაქტის შესახებ იუწყება.
პოლონეთი არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთაში ბელარუსის მთავრობას ადანაშაულებს. მაისში ევროკავშირის მხრიდან ბელარუსზე დაკისრებული სანქციების საპასუხოდ, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი ხელს აღარ შეუშლის ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადასვლას. აღნიშნულის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საზღვრების გადაკვეთის ფაქტები.
8 ოქტომბერს, ევროკავშირის 12 წევრი ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ევროკომისიას სასაზღვრო ღობეების მშენებლობისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა სთხოვა არალეგალური გზით გადასული მიგრანტების ნაკადის გასაკონტროლებლად.


