პოლონეთში გამართულ ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ძმისშვილი დააკავეს
11/10/2021 16:46:48 მსოფლიო
პოლონეთში გამართულ ევროკავშირის მხარდამჭერ მიტინგზე 4 პირი, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის 18 წლის ძმისშვილი ფრანეკ ბროდა დააკავეს. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ხელისუფლების იმ პოლიტიკას, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, პოლონეთს შესაძლოა, ევროკავშირის წევრობის შეჩერების ფასად დაუჯდეს.
ბროდა ლგბტ უფლებებისათვის მებრძოლი მოძრაობის აქტივისტია და ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს. მისი თქმით, დაკავებისას პოლიციამ მას თავში ფეხი ჩაარტყა, თუმცა აღნიშნულს სამართალდამცავი ორგანოები უარყოფენ.
10 ოქტომბერს ვარშავასა და პოლონეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. მიზეზი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმად, ევროკავშირის კანონმდებლობის ზოგიერთი ნაწილი პოლონეთის კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის “სამოქალაქო პლატფორმა” ლიდერის დონალდ ტუსკის განცახდებით, მმართველი პარტიის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის პოლონეთის მომავალს ევროპაში.
მორავეცკი, რომელიც თავად იყო ამ საკონსტიტუციო განხილვის ინიციატორი, უარჰყოფს ოპოზიციის ვარაუდს, თითქოს პოლონეთს ევროკავშირის დატოვება ემუქრებოდეს. თუმცა ევროკაშირის ოფიციალურმა პირებმა მკაცრად გააკრიტიკეს პოლინეთის სასამართლოს გადაწყვეტილება. ორგანიზაციის იუსტიციის კომისარმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გამოიყენებს „მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს“, რათა შეინარჩუნოს თავისი კანონმდებლობა პოლონეთში.


