
"არააქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საბუთის გააქტიურების შესაძლებლობა 20 ოქტომბრამდე ექნებათ"
11/10/2021 11:27:05 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების საფუძველზე, საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით, არააქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს მიეცათ შესაძლებლობა ა/წ 20 ოქტომბრამდე უზრუნველყონ საბუთის გააქტიურება.
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შევიდა ცვლილება ( https://bit.ly/3BvYxbn ).
აღნიშნული ცვლილების თანახმად, პირებს, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ, მაგრამ გადარიცხვის პერიოდში მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სტატუსის არააქტიურობის გამო საკომპენსაციო თანხა ვერ ჩაერიცხათ, კომპენსაციის მიღების მიზნით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გააქტიურების ვადა ა/წ 20 ოქტომბრამდე მიეცათ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო საკომპენსაციო თანხების გადარიცხვას განახორციელებს დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ( https://bit.ly/3BvYxbn ).