
ეპისკოპოსი მელქისედეკი სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას შეუერთდა
11/10/2021 09:38:01 საზოგადოება
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე აცხადებს, რომ საქართველოს ექქს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწერა.
ეპისკოპოსმა ამის შესახებ “მთავარ არხთან” სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
“მე პეტიციას მოვაწერე ხელი პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით[…] ეს არის ჩემი პოზიცია”, – აცხადებს ეპისკოპოსი.
7 ოქტომბერს ონლაინპეტიცია – გათავისუფლდეს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი #თავისუფლებამიშას – შეიქმნა.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-11 დღეა, შიმშილობს. ექს–პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
"მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - აცხადებენ უწყებაში.