Accentnews.ge
პროკურორი: "კორპუსის ჩამონგრევამდე ბრალდებულებმა შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს გამაგრება, თუმცა შემდეგ შენობა დატოვეს"

პროკურორი: "კორპუსის ჩამონგრევამდე ბრალდებულებმა შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს გამაგრება, თუმცა შემდეგ შენობა დატოვეს"

11/10/2021 06:55:05 საზოგადოება

„8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი“, - განაცხადა სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ.

მისივე თქმით, 4-8 ოქტომბრის დროის შუალედში ზ.ბ-სთან შეთანხმებით და მის მიერ ხელშეკრულების გარეშე დაქირავებულმა პირებმა ხ.ს-მ და გ.ს-მ სახელმწიფოსაგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც მიმდინარეობდა სამშენებლო და საინჟინრო უსაფრთხოების წესების სრული დარღვევით.

„მათ მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა შესაბამისი საინჟინრო უსაფრთხოების მცოდნე ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე. აღნიშნულმა გამოიწვია საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობისა და სიმტკიცის რღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ მომენტშიც ტარდება სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია ექსპერტები, ინჟინრები, რომლებიც საუბრობენ მომხდარი ფაქტის მიზეზების შესახებ. საქმის მოცულობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ექსპერტიზის დასკვნა არ არის, თუმცა, ის, რომ ბრალდებულებმა, თვითნებურად, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე განახორციელეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლების მოშლა, ეს დასტურდება როგორც თვით ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით, ასევე მეზობელთა ჩვენებებით. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით“, - განაცხადა პროკურორმა.

ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლო საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ 3 პირისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S