
ელიზაბეთ რუდი: "წეროვანში მდებარე თითოეული ეს სახლი გვიამბობს სიმამაცის, მეგობრობისა და უდრეკი ხალხის ისტორიას"
07/08/2019 14:37:14 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე–11 წლისთავთან დაკავშირებით წეროვანში იმყოფებოდა.
„საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან 11 წლისთავზე თითოეული ეს სახლი გვიყვება ოჯახების, მეგობრების, სახლ-კარისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ამბავს. მაგრამ, ამასთანავე, გვიამბობს სიმამაცის, მეგობრობის, უდრეკი ხალხისა და მათი საყვარელი სამშობლოს სიმტკიცის ისტორიას. შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას და ზრუნვას იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე, რათა მათ შინ უსაფრთხოდ დაბრუნებამდე ღირსეულად განაგრძონ აქ ცხოვრება“, – აცხადებს ელიზაბეთ რუდი.
ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.
2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.
2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.