
პატრიარქი - ბათუმის ტრაგედიაზე: "ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს, ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის"
10/10/2021 08:47:08 საზოგადოება
რულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.
გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.
ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.
შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი." - ნათქვამია კათოლიკოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.
ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.