
გომელაური: "ნგრევის საფრთხე კიდევ არსებობს"
09/10/2021 13:53:09 საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ცნობით, ბათუმში ნგრევის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.
"მშენებლები ვარაუდობენ, რომ შეიძლება კიდევ მოხდეს კორპუსის რაღაც ნაწილების ჩამოშლა... - იცით, რომ ე.წ სინკარები, ბეტონები არის გადმოწეული და სანამ არ შეიკრიბებიან მშენებლები, როგორ უნდა მოხდეს სინკარების ჩამოხსნა ან არჩამოხსნა, დაექვემდებარება დემონტაჟს თუ არა, ამას ისინი გადაწყვეტენ. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში და იმსჯელებენ, მოხდება მთელი ფლიგელის დემონტაჟი თუ მხოლოდ იმ ბეტონის".- თქვა შს მინისტრმა.
კორპუსში მცხოვრებლებს დროებით საცხოვრებელს შესთავაზებენ.
ადგილიდან გაიყვანეს ჟურნალისტები და მაშველებიც. სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
9 ოქტომბრის 17:52 საათისთვის შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 10 ადამიანი - 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 8 - გარდაცვლილი.
ნანგრევებიდან ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალი. ამდენად, დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება. მათგან 3 - ბავშვია.
ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.