
მაშველებმა ნანგრევებიდან მე–8 ცხედარი ამოასვენეს
09/10/2021 13:16:41 საზოგადოება
მაშველებმა ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი კაცი ამოიყვანეს.
ამ დროის ინფორმაციით, ის ბოლო ადამიანია, ვისაც მაშველები ეძებდნენ.
შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილია 9 ადამიანი. მისივე თქმით, "არც ერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება".
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
9 ოქტომბრის 17:10 საათისთვის შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 10 ადამიანი - 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 8 - გარდაცვლილი.
ნანგრევებიდან ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალი. ამდენად, დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება. მათგან 3 - ბავშვია.
ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.