
გომელაურის განცხადებით, ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე შსს იძიებს, მათ შორის გაცემულ ნებართვებსა და საბუთებს
09/10/2021 06:43:06 სამართალი, საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, მათ შორის – გაცემული სამშენებლო ნებართვების.
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ჩამონგრეული კორპუსის სარდაფისა და ბინის გაერთიანების მოთხოვნით 2021 წლის 4 ნოემბერს საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა მიმართა. რეესტრმა ეს მოთხოვნა 8 ოქტომბერს ანუ ჩამონგრევის დღეს დაახარვეზა.
სწორედ ამაზე ჰკითხეს გომელაურს დღეს ჟურნალისტებმა.
„გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. თუ გამოვლინება, მიეცემიან პასუხისმგებაში, თუ არასწორი ნებართვა გაიცა ან არასწორად აწარმოებს რაიმე საბუთები,“ – აცხადებს გომელაური.
მისივე ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მომხდარის გამო ჯერ არ გამოკითხულან.
„დაველოდოთ გამოძიებას, დრო დასჭირდებათ. პირველ რიგში, უნდა გასუფთავდეს ტერიტორია, ვნახოთ რა დაზიანდა და ექსპერტებმა შეაფასონ“, - განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი სახლის სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. 9 ოქტომბრის 10:20 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, მათ შორის – 5 ცხედარი ( 2 ბავშვი, ორი მამაკაცი და 1 ქალი). ცოტა ხნის წინ კლინიკაში გარდაიცვალა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი. რაც შეეხება კიდევ ერთ გადარჩენილს, მამაკაცი საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რჩება.
ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.