
პრეზიდენტი: "ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა"
08/10/2021 21:33:44 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მომხდარ ნგრევას ეხმიანება.
"ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ.
თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.
მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.
ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება," - აცხადებს პრეზიდენტი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო 8ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაცია 13 საათია, უწყვეტ რეჟიმი მიმდინარეობს. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანის ამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იპოვეს ასაკოვანი ქალის ცხედარი. ნანგრევებში ჯერ კიდევ რჩება დაახლოებით, 10 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია.
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება ნგრევის ერთ–ერთ ვერსიად სამშენებლო სამუშაოებს და საყრდენი კედლის გამოცლას განიხილავს.
„თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება, იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გომელაურმა.
ადგილობრივები უკონტროლო მშენებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 5–სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.