
მაშველებმა ნანგრევებიდან მეორე ადამიანი გამოიხსნეს
08/10/2021 18:49:22 საზოგადოება
მაშველებმა ბათუმში, ნანგრევებიდან მეორე ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. წარმატებულ ოპერაციას ადგილზე თავმოყრილი ადამიანები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
პაციენტის მდგომარეობაზე მედცენტრის დირექტორმა მედეა ქაჯაიამ ისაუბრა.
"შემოსვლის დროს მისი მდგომარეობა მძიმე იყო, გამოხატული იყო ტრამვული შოკი, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, მარცხენა კოჭის ღია მოტეხილობა. პაციენტს გაეწია გადაუდებელი დახმარება და მიმდინარეობს საჭირო კვლევები", - თქვა კლინიკის დირექტორმა.
შეგახსენებ, რომ სამაშველო ოპერაცია 11 საათია, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა დაახლოებით 21:00 საათისთვის ნანგრევებიან 35 წლის ქალის გამოხსნა შეძლეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ნანგრევებში რჩება ქალის ორი მცრეწლოვანი შვილი და მაზლი. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა უცნობია. შს მინისტრმა განაცხადა, რომ 10–დან 15–მდე ადამიანს ეძებენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო დღის პირველ ნახევარში ჩამოინგრა.
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება ნგრევის ერთ–ერთ ვერსიად სამშენებლო სამუშაოებს და საყრდენი კედლის გამოცლას განიხილავს.
„თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება, იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გომელაურმა.
ადგილობრივები უკონტროლო მშენებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 5–სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.