Accentnews.ge
ექიმი – ნანგრევებიდან ამოყვანილ ქალზე: "მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა"

ექიმი – ნანგრევებიდან ამოყვანილ ქალზე: "მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა"

08/10/2021 17:33:18 საზოგადოება

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილ ქალს ამ დროისთვის რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.

მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

"ახალგაზრდა ქალბატონი შემოყვანილია 20:30 წუთზე. მანქანაშივე დაფიქსირდა მისი მდგომარეობის დამძიმება. ორმხრივი მიდრიაზი, სისხლდენა, შემოყვანისას გულის გაჩერება... გულის მუშაობა აღდგა, მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა. აქვს მოტეხილობები ორივე ქვედა კიდურის, სავარაუდოდ, მენჯის ძვლების. ჩატარდა კვლევა“ - განუცხადა ჟურნალისტებს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმმა.

ქალი ნანგრევებიდან თითქმის 9–საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ამოიყვანეს. ამ დროისთვის კვლავ ნანგრევებში რჩებიან გადარჩენილი ქალის შვილები და სხვა მოქალაქეები. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. შს მინისტრმა განაცხადა, რომ 10–დან 15–მდე ადამიანს ეძებენ.

სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო დღის პირველ ნახევარში ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება ნგრევის ერთ–ერთ ვერსიად სამშენებლო სამუშაოებს და საყრდენი კედლის გამოცლას განიხილავს.

„თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება, იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გომელაურმა.

ადგილობრივები უკონტროლო მშენებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 5–სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S