რუსეთი თალიბებს მოსკოვში იწვევს
08/10/2021 13:13:15 მსოფლიო
რუსეთის მთავრობა რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენლებს მოსკოვში იწვევს, სადაც 20 ოქტომბერს ავღანეთის შესახებ ე.წ. მოსკოვის ფორმატის სხდომა უნდა ჩატარდეს.
თალიბების მიწვევის განზრახვა ჟურნალისტებს ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზამირ კაბულოვმა დაუდასტურა. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ იქნება თალიბთა დელეგაციის შემადგენლობაში.
„მოსკოვის ფორმატი“ 2017 წელს შეიქმნა რუსეთის, ავღანეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ირანის და ინდოეთის მონაწილეობით.
რადიკალურმა მოძრაობა თალიბანმა ავღანეთში ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა. თალიბთა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთთან მაღალი დონის ურთიერთობების განვითარებას აპირებენ.


