Accentnews.ge
ვინ შეიძლება, იყოს მოყოლილი ნანგრევებში – რაც ჰყვებიან კორპუსის მაცხოვრებელთა ახლობლები

ვინ შეიძლება, იყოს მოყოლილი ნანგრევებში – რაც ჰყვებიან კორპუსის მაცხოვრებელთა ახლობლები

08/10/2021 12:23:29 საზოგადოება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი კორპუსის ნაწილი დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, თუმცა ამ დროისთვის [16:20 საათისთვის] დაშავებულთა და მსხვერპლთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

მომხდარის შემდეგ ადგილზე კორპუსის მაცხოვრებელთა ახლობლებიც მივიდნენ. როგორც "რადიო თავისუფლებას" ერთ–ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, დანამდვილებით და ოჯახის წევრებზე დაყრდობით შეუძლია, განაცხადოს, რომ ნანგრევებში არის 3 ბავშვი და 4 საშუალო ასაკის ზრდასრული. მისივე ცნობით, ბავშვები სხვადასხვა ოჯახებიდან არიან, ორი ბავშვი ერთი ოჯახის წევრია, მესამე - სხვა ოჯახის. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ ბავშვთან ერთად იმყოფება ძიძა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა "ბათუმელების" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ჩამონგრეულ კორპუსში ცხოვრობდა ქალი შვილებთან ერთად, რომელსაც ამჟამად ახლობლები ვერ უკავშირდებიან.

"სახლში იმყოფებოდნენ დედა თავის ორ შვილთან ერთად და მისი მაზლი. ერთი შვილი ბაღში მიიყვანა და დაბრუნდა. ტელეფონი გამორთულია და ვერ ვეკონტაქტებით“, – განაცხადა ადგილობრივმა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე "ბათუმელებთან" საუბრისას აცხადებს, რომ ნანგრევებში დაახლოებით, 8 ადამიანს ეძებენ:

„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება, იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების სამსახურში. ასე, რომ 8 ადამიანია სავარაუდოდ, ნანგრევებში".

მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა. მე-6-მე-7 სართულზე კი მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს. „აქედან გამომდინარე, 12 ოჯახია ჩამონგრეული“ - აცხადებს სურმანიძე.

ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი კორპუსის ნაწილი დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

ჩამონგრეულ კორპუსში ადგილობრივების თქმით, 20-ზე მეტი ბინაა, პირველ სართულზე კი სალონი ფუნქციონირებდა, რომელიც ჩამონგრევის მომენტში მუშაობდა. 7-სართულიან სახლს ერთი სადარბაზო აქვს, დაშენება კი სადარბაზოს თაღზე, ე.წ. არკაზე აქვს გაკეთებული. კორპუსი აშენების დროს 5-სართულიანი იყო, დამატებითი სართულები მას მოგვიანებით დააშენეს. სახლს ჰქონდა ასევე მოგვიანებით მიშენებული ლიფტის კონსტრუქცია.

როგორც ერთ–ერთმა მეზობელმა იზაბელა ჯაიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ბოლო პერიოდში ორი სართული დააშენეს.

მისივე თქმით, ამჟამად კორპუსის მეორე სართულზე რემონტი მიმდინარეობდა:

"მეორე სართულზე იყო რემონტი. მეზობლებმა დაინახეს, რომ ჯერ ამ სახლიდან კენჭები გადმოცვივდა და შემდეგ იყო კორპუსის ნგრევის ხმა", - განაცხადა იზაბელა ჯაიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ პროფესიით ექთანია და მომხდარის შემდეგ ხალხის დასახმარებლად მივიდა ადგილზე.

შსს–ს ცნობით, ბათუმში კორპუსის ნგრევაზე დაწყებულია გამოძიება, დაზარალებულებზე ინფორმაცია ზუსტდება. ამასთან, უწყებას შსს–ს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან ბათუმში დამატებითი ცოცხალი ძალა შეჰყავს:

"მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S