
ბათუმის მერია: "ნანგრევებში დაახლოებით, 8 ადამიანს ეძებენ"
08/10/2021 11:30:32 საზოგადოება
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე აცხადებს, რომ 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ.
„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების სამსახურში. ასე, რომ 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში", - განუცხადა ლელა სურმანიძემ „ბათუმელებს“.
მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა. მე-6-მე-7 სართულზე კი მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს. „აქედან გამომდინარე, 12 ოჯახია ჩამონგრეული“ -ამბობს სურმანიძე.
ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი კორპუსის ნაწილი დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.
ჩამონგრეულ კორპუსში ადგილობრივების თქმით, 20-ზე მეტი ბინაა, პირველ სართულზე კი სალონი ფუნქციონირებდა, რომელიც ჩამონგრევის მომენტში მუშაობდა. 7-სართულიან სახლს ერთი სადარბაზო აქვს, დაშენება კი სადარბაზოს თაღზე, ე.წ. არკაზე აქვს გაკეთებული. კორპუსი აშენების დროს 5-სართულიანი იყო, დამატებითი სართულები მას მოგვიანებით დააშენეს. სახლს ჰქონდა ასევე მოგვიანებით მიშენებული ლიფტის კონსტრუქცია.
როგორც ერთ–ერთმა მეზობელმა იზაბელა ჯაიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ბოლო პერიოდში ორი სართული დააშენეს.
მისივე თქმით, ამჟამად კორპუსის მეორე სართულზე რემონტი მიმდინარეობდა:
"მეორე სართულზე იყო რემონტი. მეზობლებმა დაინახეს, რომ ჯერ ამ სახლიდან კენჭები გადმოცვივდა და შემდეგ იყო კორპუსის ნგრევის ხმა", - განაცხადა იზაბელა ჯაიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ პროფესიით ექთანია და მომხდარის შემდეგ ხალხის დასახმარებლად მივიდა ადგილზე.
შსს–ს ცნობით, ბათუმში კორპუსის ნგრევაზე დაწყებულია გამოძიება, დაზარალებულებზე ინფორმაცია ზუსტდება. ამასთან, უწყებას შსს–ს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან ბათუმში დამატებითი ცოცხალი ძალა შეჰყავს:
"მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება".
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.