Accentnews.ge
ბათუმის მერი მოადგილე: "ჩამონგრეულ სადარბაზოში ცხოვრობდა 15 ოჯახი"

ბათუმის მერი მოადგილე: "ჩამონგრეულ სადარბაზოში ცხოვრობდა 15 ოჯახი"

08/10/2021 10:20:47 საზოგადოება

ბათუმის მერის მოადგილის ლელა სურმანიძის განცხადებით, დღეს ბათუმში ჩამონგრეულ სადარბაზოს პირველი სართულის ერთ ბინაში არავინ ცხოვრობდა [დაკეტილი იყო]. მეორე ბინაში კი სილამაზის სალონი იყო მოწყობილი.

"ამ სადარბაზოში დანარჩენ 5 სართულზე 15 ოჯახი ცხოვრობდა", – განუცხადა სურმანიძემ ჟურნალისტებს.

ასევე სურმანიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსში, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი რესან კონცელიძე ცხოვრობს და „კორპუსზე დაშენების ნებართვა სწორედ მისი ხელშეწყობით გაიცა“.

სურმანიძის განცხადებით, რესან კონცელიძე დეპუტატი 2020 წელს გახდა, აღნიშნულ კორპუსზე დაშენება კი ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა:

„რესან კონცელიძე, რამდენადაც მახსოვს, 2020 წლიდანაა პარლამეტის წევრი და ის ორი სართული, რაზეც ამბობთ, რომ დაშენებულია, უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში არ დაშენებულა“.

ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი კორპუსის ნაწილი დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

ჩამონგრეულ კორპუსში ადგილობრივების თქმით, 20-ზე მეტი ბინაა, პირველ სართულზე კი სალონი ფუნქციონირებდა, რომელიც ჩამონგრევის მომენტში მუშაობდა. 7-სართულიან სახლს ერთი სადარბაზო აქვს, დაშენება კი სადარბაზოს თაღზე, ე.წ. არკაზე აქვს გაკეთებული. კორპუსი აშენების დროს 5-სართულიანი იყო, დამატებითი სართულები მას მოგვიანებით დააშენეს. სახლს ჰქონდა ასევე მოგვიანებით მიშენებული ლიფტის კონსტრუქცია.

როგორც ერთ–ერთმა მეზობელმა იზაბელა ჯაიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ბოლო პერიოდში ორი სართული დააშენეს.

მისივე თქმით, ამჟამად კორპუსის მეორე სართულზე რემონტი მიმდინარეობდა:

"მეორე სართულზე იყო რემონტი. მეზობლებმა დაინახეს, რომ ჯერ ამ სახლიდან კენჭები გადმოცვივდა და შემდეგ იყო კორპუსის ნგრევის ხმა", - განაცხადა იზაბელა ჯაიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ პროფესიით ექთანია და მომხდარის შემდეგ ხალხის დასახმარებლად მივიდა ადგილზე.

შსს–ს ცნობით, ბათუმში კორპუსის ნგრევაზე დაწყებულია გამოძიება, დაზარალებულებზე ინფორმაცია ზუსტდება. ამასთან, უწყებას შსს–ს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან ბათუმში დამატებითი ცოცხალი ძალა შეჰყავს:

"მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება".

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S