
შსს–ს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან ბათუმში დამატებითი ცოცხალი ძალა შეჰყავს
08/10/2021 08:55:04 სამართალი, საზოგადოება
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.
შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი კორპუსის ნაწილი დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.
როგორც ერთ–ერთმა მეზობელმა იზაბელა ჯაიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ათეული წლების წინ აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ბოლო პერიოდში ორი სართული დააშენეს.
მისივე თქმით, ამჟამად კორპუსის მეორე სართულზე რემონტი მიმდინარეობდა:
"მეორე სართულზე იყო რემონტი. მეზობლებმა დაინახეს, რომ ჯერ ამ სახლიდან კენჭები გადმოცვივდა და შემდეგ იყო კორპუსის ნგრევის ხმა", - განაცხადა იზაბელა ჯაიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ პროფესიით ექთანია და მომხდარის შემდეგ ხალხის დასახმარებლად მივიდა ადგილზე.
ამ წუთებში საგანგებო-სიტუაციის სამსახურის თანამშრომლებს კორპუსის ჩამონგრეული ნაწილის გვერდით სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეები აივნიდან სახანძრო კიბის საშუალებით გამოყავთ.
მსხვერპლისა შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.