Accentnews.ge
საია-მ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირება 350-ზე მეტ შემთხვევაში მოითხოვა

საია-მ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირება 350-ზე მეტ შემთხვევაში მოითხოვა

08/10/2021 08:01:54 საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული დარღვევების გამო 350-ზე მეტ შემთხვევაში სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

საია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში (21 სარჩევნო ოლქში) აკვირდებოდა. ორგანიზაციის განცხადებით, კენჭისყრის დასრულების და ხმის დათვლის პროცესის შემდგომ, საია-მ შეისწავლა ამავე ოლქებში შემავალ უბნებზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმები. შედეგად, კენჭისყრის დღეს და შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე, საია-მ სამართლებრივი რეაგირება ჯამში 350-ზე მეტ შემთხვევაზე მოახდინა. აქედან ორგანიზაციის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინა 34 საჩივარი; კენჭისყრის შენობის პერიმეტრთან დაფიქსირებულ დარღვევებზე შსს-ს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით მიმართა 23 შემთხვევაში; საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის პროცედურების და ხმის დათვლის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე მიმართა 60-მდე შემთხვევაში; შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საჩივრები წარადგინა 250-მდე შემთხვევაში. ამათგან, სხვადასხვა მონაცემების ხელახალი გადათვლა მოითხოვა 230-ზე მეტ უბანთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, საია ითხოვს ისნის ოლქში შემავალი ყველა უბნის მონაცემების ხელახლა გადათვლას. ორგანიზაციის განცხადებით, ამ მოთხოვნის დაყენების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ისნის ოლქში შემთხვევითი შერჩევით გადათვლილი 5 უბნიდან, 4 შემთხვევაში გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ცდომილება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თქმით, საჩივრების ნაწილი ამ ეტაპზე სრულად არ არის განხილული და საოლქო საარჩევნო კომისიებში საია სამართლებრივ დავებს აგრძელებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, საია ძირითადად, დავობს იმ შემთხვევებში, როდესაც მათში ფიქსირდება:

დისბალანსი გამოხატული მეტობაში (1-ით ან მეტით);

დისბალანსი გამოხატული ნაკლებობაში (5-ით ან მეტით);

გადასწორებულია ან შეუვსებელია მოსული ამომრჩევლების რაოდენობა, სუბიექტებისათვის მიცემული ხმათა რაოდენობა ან/და ბათილი ბიულეტენების გრაფა.

“საარჩევნო კანონმდებლობა ადგენს შემაჯამებელი ოქმის შევსების წესსა და პროცედურას. შემაჯამებელი ოქმის შევსებისას მასში შეიტანება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, სუბიექტებისთვის მიცემული ხმების, ასევე ბათილი ბიულეტინების რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტებისათვის მიცემული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჯამი ნაკლებია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე, შემაჯამებელ ოქმში ფიქსირდება ნაკლებობაში გამოხატული დისბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში არ გვხვდება პირდაპირი ჩანაწერი, ნაკლებობის შემთხვევაში რა რეაგირება უნდა მოახდინოს დავის განმხილველმა ორგანომ, საია მიიჩნევს, რომ დისბალანსის ამგვარი ფორმა მეტად პრობლემურია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობით ნაკლებობა ფიქსირდება. ნაკლებობის მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის, შესაძლებელია მონაცემები შემაჯამებელ ოქმში არასწორად იყოს დათვლილი და დალუქული დოკუმენტაციის გახსნის შემდგომ, მასში ნამდვილი ხმები აღმოჩნდეს, რაც არსებულ დისბალანსს გაასწორებს," აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ ნაკლებობა დაკავშირებული იყოს გაყალბების ერთ-ერთ ფორმასთან, ე.წ. კარუსელთან. რაც შეეხება მეტობას, ამგვარი დისბალანსი მიანიშნებს, რომ საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველზე მეტი ბიულეტენია გამოყენებული:

“საია მოელის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დააკმაყოფილებს ყველა არგუმენტირებულ მოთხოვნას და გადათვლის სადავო უბნებს. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესების და მის შედეგებთან მიმართებით”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S