
ჯო ბაიდენი - დამსაქმებლებს: "მოითხოვეთ თქვენი თანამშრომლებისგან ვაქცინაცია"
08/10/2021 05:55:14 პოლიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბიზნეს სექტორს მოუწოდებს, დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ.
”დამსაქმებელისადმი ჩემი გზავნილია: მოითხოვეთ თქვენი თანამშრომლებისგან ვაქცინაცია. ვაქცინაციით ჩვენ საბოლოოდ დავამარცხებთ ამ პანდემიას. მის გარეშე ჩვენ გველის ქაოსის გაუთავებელი თვეები საავადმყოფოებში, ეკონომიკის დაზიანება და მღელვარება სკოლებში", - განაცხადა ბაიდენმა.
მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ფედერალური მოხელეებისა და კონტრაქტორებისთვის, ასევე იმ კერძო კომპანიების თანამშრომლებისთვის, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, კოვიდ–საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახადა. ეს ბრძანება ეხება 100 მილიონ ადამიანს, რაც აშშ-ის სამუშაო ძალის დაახლოებით, ორ მესამედია.