
"სააკაშვილმა მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ, ეს დაუბრუნონ მას"
07/10/2021 12:12:31 საზოგადოება
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკერდე ჯვრის დაბრუნებას ითხოვს, – ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის ციხეში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
დეკანოზის თქმით, იგი ყოფილ პრეზიდენტს ნეიტრალურ ზონაში შეხვდა.
"მე არ ვყოფილვარ მის საკანში, ნეიტრალურ ზონაში შევხვდით, სადაც მიღებების საშუალებაა. მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ, ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას“, - განაცხადა ბოტკოველმა.
მისი თქმით, სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა:
„მისი უწმინდესობის დავალებით და ლოცვა-კურთხევით, დღეს მოვინახულე ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა, გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ამ თხოვნასთან დაკავშირებით, ასეთი პასუხი მითხრა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა. მისთვის სისუტე არ შემიმჩნევია, სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს“.
ამასთან, როგორც პატრიარქის მდივანი აცხადებს, მას ყოფილ პრეზიდენტთან პატრიარქის მიერ შერჩეული სახარება უნდა შეეტანა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სახარება მეტალის ყდის იყო, აღნიშნულის სააკაშვილისთვის გადაცემის საშუალება არ მისცეს:
"პატრიარქმა შეარჩია ეს სახარება და მოვიტანე სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი, რასაც ამანათით შეუგზავნიან. ეს სახარება კი უკან დამიბუნეს".
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა.