
"ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება"
07/10/2021 10:09:43 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შემოსულია გრიპის ვაქცინის 43 000 დოზა, აცრის პროცესი კი რამდენიმე დღეში დაიწყება.
„გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, 43 000 დოზა ქვეყანაში შემოსულია, წელს სახელმწიფომ მთლიანად 200 000 ვიყიდეთ. სულ მალე, 2-3 დღეში დაიწყება ვაქცინაცია 3 პრიორიტეტული ჯგუფისთვის, ეს გახლავთ- სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები. 25 ოქტომბერს დანარჩენ 160 00 დოზას ველოდებით, შემდეგ ეს განივრცობა უკვე ბავშვებზე, ქრონიკულ დაავადებებზე და ა.შ.", – განაცხადა გამყრელიძემ.
კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, თუ რა პერიოდშია გრიპის ვაქცინა ნებადართული, გამყრელიძე პასუხობს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს:
"აშშ–ის CDC-ს რეკომენდაციით, ერთ დღეს შეიძლება ორივე ვაქცინის ერთდროულად გაკეთება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს როგორ მოხდება. დღევანდლამდე მისი რეკომენდაციაა, რომ თუ რომელიმე ვაქცინა გაკეთებული გაქვს, 14 დღის შემდეგ შეგიძლია, მეორე ვაქცინის გაკეთება“, - განაცხადა გამყრელიძემ.