
გაბუნია განმარტავს, ვის აცრიან ე.წ. ბუსტერ დოზით
07/10/2021 08:55:40 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ.
მისი თქმით, საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გაკეთებას 50 წლის ზემოთ ადამიანებში, ასევე ნებისმიერი ასაკის იმ ადამიანის შემთხვევაში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებში.
„ორი ძირითადი საკითხი განიხილა საბჭომ, ეს გახლავთ ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენება და ასევე, ბავშვების ვაქცინაციის საკითხი. ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით, საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები,“- განაცხადა გაბუნიამ.