"რუსეთი წარსულში ენერგორესურსებს საგარეო პოლიტიკის იარაღად იყენებდა. ვიმედოვნებ, იგივეს არ ვიხილავთ მომავალში"
07/10/2021 06:53:33 მსოფლიო
აშშ იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ენერგორესურსების საკითხს საგარეო პოლიტიკის იარაღად არ გამოიყენებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Bloomberg–თან ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთი წარსულში ენერგორესურსებს საგარეო პოლიტიკის იარაღად იყენებდა. ვიმედოვნებ, იგივეს არ ვიხილავთ მომავალში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მალე ზამთარი დადგება. ვფიქრობ, ენერგოპრობლემებთან გასამკლავებლად ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას დაიწყებენ", – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
Bloomberg–ის ჟურნალისტის კითხვაზე, "სადღეისოდ შეუძლია თუ არა აშშ–ს გააკეთოს ისეთი რამ, რომ ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულება აღარ ჰქონდეს?" ბლინკენმა შემდეგი განაცხადა:
"დივერსიფიკაციის პროცესს სჭირდება დრო, ასევე – თანმიმდევრული ძალისხმევა და გადაწყვეტა".


