
"სააკაშვილი პოლიტპატიმარია, რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვიდეო ჩემთვის მოულოდნელი იყო"
06/10/2021 07:14:02 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად უერთდება მისი გათავისუფლების მოთხოვნას.
„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას“, - წერს რულოვსი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ყოფილი პირველი ლედი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხზეც საუბრობს:
„ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი. პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, - წერს რულოვსი.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა ლიზა იასკომ გამოაქვეყნა სააკაშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო, რომელშიც ექს–პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ის და ლიზა ერთად იყვნენ, შექმნეს ოჯახი და სურდათ, ამის შესახებ საზოგადოებასაც გაეგო.