Accentnews.ge
ევროპარლამენტარები: "ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე უნდა იქნას საფუძვლიანად გამოძიებული"

ევროპარლამენტარები: "ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე უნდა იქნას საფუძვლიანად გამოძიებული"

06/10/2021 05:38:24 პოლიტიკა

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიონა ფონ კრამონი 2 ოქტომბრის არჩევნებზე საერთო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეს აფასებენ.

მათი თქმით, საქართველომ კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა, თუმცა "წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი".

"ჩვენ ვითვალისწინებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხმების 46.6% მოიპოვეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც, ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა. არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა. ამომრჩეველს რეალური არჩევანი მიეცა სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივას შორის. არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია. კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა, პროცესის დროს არსებული გარკვეული პროცედურული პრობლემების მიუხედავად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო და პირველად მოხდა მისი ტრანსლირება, რამაც გამჭვირვალობა გაზარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებული იყო, ბრალდებები მოსყიდვასა და ზეწოლაზე კი საფუძვლიანად გამოსაძიებელია:

"კამპანია ხასიათდებოდა პოლიტიკისა და მედიალანდშაფტის მძაფრი პოლარიზაციით, რამაც ზოგჯერ სიტყვიერი, ან ფიზიკური დაპირისპირებაც გამოიწვია. ძალიან ხშირად პერსონალური თავდასხმები ჭარბობდა პოლიტიკურ დებატებს, რითაც ამომრჩეველს არ ჰქონდა საშუალება, გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევანი. საჯარო რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ასევე მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, უნდა იქნას საფუძვლიანად გამოძიებული".

ისინი მომდევნო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ და მიუთითებენ, რომ ამ მხრივ, გასათვალისწინებელია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ასევე, მათივე აღნიშვნით, აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ისიც, რომ პოლიტიკაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობაა:

„არჩევნების მეორე ტურის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს, დაასრულონ ბოროტად გამოყენების შემთხვევები, რაც პირველი ტურის დროს დაფიქსირდა. და ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კლასი პასუხისმგებლობასა და სიმწიფეს გამოიჩენს. მათ პარტიის ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ, დაპირისპირების ფურცელი უნდა გადაშალონ ერთხელ და სამუდამოდ და ძალიან საჭირო რეფორმები განახორციელონ.

ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორს დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის კუთხით, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები მზადყოფნას გამოთქვამენ კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S