
თელავში მიხეილ სააკაშვილის სტენსილი გამოჩნდა
05/10/2021 12:19:59 საზოგადოება
თელავში, დასვენების პარკ ნადიკვართან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნახატი გამოჩნდა.
თელაველი ქუჩის მხატვარი ნოდარ ნახუცრიშვილი, ამ ფორმით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა და ნახატს "საქართველოს ბოლო იმედი" მიაწერა.
მხატვარი სააკაშვილის პორტრეტის კედელზე გამოსახვის მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი დააკავეს. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.
სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის საქმეებზე. 2018 წელს ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის საქმეზე მიესაჯა თავისუფლების 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე - 3 წლით აღკვეთა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.