
სომხეთი ირანთან ურთიერთობებში "მეტ სიცოცხლეს" აანონსებს
04/10/2021 16:17:39 კავკასია
თეირანში ირანის ისლამური რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა და არარატ მირზოიანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„დღეს ჩვენ შევთანხმდით, განვავითაროთ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის ყველა სფეროში. სომხეთის სატრანზიტო მარშრუტისა და გზის ექსპლუატაცია ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ განვსაზღვრეთ პროცესი, რომელიც სწრაფად ამოქმედდება ორი ქვეყნის სატრანზიტო გზებისა და მარშრუტების ასაღორძინებლად. უახლოეს კვირებში ჩვენ ვნახავთ მეტ სიცოცხლეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში“, – აღნიშნა აბდოლაჰიანმა.
მისი თქმით, ოფიციალური თეირანი არ დაუშვებს, რომ უცხო ძალამ გავლენა იქონიოს ირანის ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის სომხეთთან.
საპასუხოდ, არარატ მირზოიანის განცხადებით, მათ უნდა ჰქონდეთ მოლაპარაკებები და დისკუსიები აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის ჩართულობით და ოფიციალური ერევანი ხაზგასმით ამბობს, რომ საჭიროა რეგიონში საკომუნიკაციო მარშრუტების გახსნა.
პარალელურად, რუსეთში იმყოფება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი. ის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოს შეხვდება.