
"საარჩევნო უბნებზე “ოცნების“ კოორდინატორებისა და აგიტატორების მობილიზებას აქვს ადგილი"
02/10/2021 14:05:21 საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) განცხადებით, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აგიტატორების მობილიზებას და მათ მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას.
"საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობის 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა. საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი კოორდინატორებისა და აგიტატორების უკანონო ქმედებებზე არ ხორციელდება სათანადო მონიტორინგი, კონტროლი და რეაგირება სახელმწიფო უწყებების მხრიდან. მსგავსი ფაქტების აღკვეთაზე პასუხისმგებელი უწყება არის პოლიცია. პოლიციას კი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა, რომელთა უბნის უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის ხელშემშლელი და ჯანსაღი საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მოქმედებები. თუმცა, უმრავლეს შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები თავს იკავებენ პოლიციის მისამართით მსგავსი შეტყობინების გაკეთებისაგან და აცხადებენ, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება არ მიეკუთვნება მათ უფლებამოსილებას. საარჩევნო უბნებზე იდენტიფიცირებული დარღვევების თაობაზე რეგისტრირებულ საჩივრებს ადამიანის უფლებათა ცენტრი წარუდგენს საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს, საჭიროების შემთხვევაში კი - სასამართლოს. ორგანიზაცია ცდილობს, არც ერთი დარღვევა არ დარჩეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორებმა ამ დროისათვის დაწერეს 14 საჩივარი და 22 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. საჩივრების ნაწილის შინაარსი ასეთია:
- წყალტუბოს #58-ე საარჩევნო ოლქის #61-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი აღმოაჩინა, რის შესახებაც შეატყობინა დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე ადევნებს თვალყურს, რომ გარდაცვლილი პიროვნების სახელით სხვა მომხმარებელმა არ მისცეს ხმა.
- საგარეჯოს #11-ე საარჩევნო ოლქის #50-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ხელს უშლიდა საარჩევნო უბნის დამკვირვებლებს სადამკვირვებლო საქმიანობაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით უბანზე დაიწერა საჩივარი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საჩივარი საგარეჯოს #11-ე საარჩევნო ოლქში ჩააბარა.
- მსგავსი ვითარებაა საგარეჯოს #11-ე საარჩევნო ოლქის #39-ე საარჩევნო უბანზე, სადაც კომისიის თავმჯდომარე უფრო მეტად აგრესიულია და ხელს უშლის დამკვირვებლებს საადმკვირვებლო საქმიანობაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საჩივარი საგარეჯოს #11-ე საარჩევნო ოლქში ჩააბარა.
- მარნეულის #22-ე საარჩევნო ოლქის #48-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ზეწოლას ახდენდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელზე - ეუბნებოდნენ, რომ პრეტენზია არაფერზე გამოეთქვა და არ დაეწერა საჩივრები. ამ უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტი. ცენტრის დამკვირვებელს კომისიის წევრები არ აძლევდნენ მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღების საშუალებას და მას „თითების დამტვრევით“ ემუქრებოდნენ. დამკვირვებელი იძულებული გახდა, დაერეკა მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენლების საარჩევნო უბანზე მოსვლის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ უბანზე კვლავ ქაოტური სიტუაციაა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ უბანზე საჩივარი დაწერა.
- გარდაბნის #21-ე საარჩევნო ოლქის #3-ე საარჩევნო უბნის ეზოს შესასვლელთან იდგა ქალი, რომელიც უბანზე შესულ ყველა ამომრჩეველს საკუთარ რვეულში აღრიცხავდა. უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა მას რამდენჯერმე მისცეს შენიშვნა ტერიტორიის დატოვების მოთხოვნით, მაგრამ - უშედეგოდ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით, პიროვნება დაახლოებით 10:00 საათისთვის პოლიციელებმა გაიყვანეს უბნიდან, მაგრამ ის ისევ დაბრუნდა. ამის შემდეგ ცენტრის წარმომადგენელი იძულებული გახდა, ისევ გამოეძახებინა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. სამართალდამცავებმა ქალი გაიყვანეს აღნიშნული ტერიტორიიდან.
სავანეთის საარჩევნო უბანზე თავმჯდომარე წესრიგს ვერ ამყარებს
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში, #23-ე საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე მუდმივი არეულობაა, რაც ხალხმრავლობითაც არის გამოწვეული. ხმის მიცემის პროცესი ხშირად ფერხდება და ჩნდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ეჭვის საფუძველი.
"იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პარტიის სამკერდე ნიშნის მქონე წარმომადგენლები ცდილობდნენ, „დახმარება გაეწიათ“ ხმის მიცემის კაბინაში შესული ხანდაზმული ამომრჩევლებისთვის.
ამ საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა. ამ უბანზე ორგანიზაციიდან - „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის“, იმყოფებოდა სამი წარმომადგენელი, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა რამდენჯერმე მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ორგანიზაციის ორი წარმომადგენლის უბნიდან გაშვების მოთხოვნით. თავდაპირველად, თავმჯდომარემ ორგანიზაციის ორ წარმომადგენელს უბანი დაატოვებინა, მაგრამ პერიოდულად „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის“ რამდენიმე წევრი მაინც შემოდიოდა საარჩევნო უბანზე და ამის მიზეზად უამინდობას ასახელებდნენ. მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჩანაწერთა წიგნში შენიშვნა შეიტანა, თავმჯდომარემ აღკვეთა ორგანიზაციის დამრღვევი წევრების უბანზე არაკანონიერად შესვლა.
ამავე საარჩევნო უბნის გარეთა პერიმეტრზე 09:30 საათისთვის იდგნენ ერთ-ერთი პარტიის (სავარაუდოდ - „ქართული ოცნების“) ე.წ. კოორდინატორები, რომლებსაც კვლევითი კომპანიის „ედისონ რისერჩის“ წარმომადგენლებთან მოუვიდათ დაპირისპირება. დაპირისპირება მალევე აღმოიფხვრა, თუმცა მათ პერიმეტრი არ დაუტოვებიათ და აქტიურად ცდილობდნენ ამომრჩევლის მობილიზებას საარჩევნო უბანზე. ამ კონკრეტული ამომრჩეველების ნომრებს თავიდანვე ეძებდნენ არჩევნების სიაში, რომელიც გარეთ იყო გამოკრული.
სიბნელე საარჩევნო უბანზე - გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით
მარნეულის #22-ე საარჩევნო ოლქის # 48-ე უბნის გახსნამდე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს კენჭისყრის კაბინები შემობრუნებული დახვდა. დამკვირვებელმა რამდენჯერმე მოითხოვა კაბინების დადგმა ისე, რომ ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობა არ დარღვეულიყო. კომისიის წევრები ბოლოს მიხვდნენ, როგორ უნდა დაედგათ კაბინები და უბნის გახსნამდე პრობლემა მოგვარდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის პრობლემაზე.
ამავე უბანზე იყო განათების პრობლემა, რის გამოც კომისიის მდივანს საქმიანობის დაწყება თავისი მობილური ტელეფონის განათების ფონზე მოუხდა.
კომისიის თავმჯდომარემ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა დამკვირვებლის თხოვნა და დაამატა ნათურები საარჩევნო უბანზე", აცხადებენ HRC –ში.