Accentnews.ge
TI სავარაუდო „კარუსელის“ გამო მარნეულის მე-13 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას ითხოვს

TI სავარაუდო „კარუსელის“ გამო მარნეულის მე-13 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას ითხოვს

02/10/2021 10:55:13 საზოგადოება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI) სავარაუდო „კარუსელის“ გამო მარნეულის მე-13 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

"მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია სავარაუდო „კარუსელის“ ფაქტი. კერძოდ, მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ამ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იგი მარნეულის საარჩევნო ოლქის სხვა – #10 უბანშია რეგისტრირებული. ჩვენი დამკვირვებლის თქმით, იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, ბახლელ გუსეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა. ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ ცესკო-ს და მოვითხოვოთ ამ უბანზე საერთოდ კენჭისყრის შეწყვეტა, ვინაიდან, არის პრობლემური უბანი", – განაცხადა გიგაურმა.

14:00 საათის მონაცემებით, TI-ის მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაწერეს 14 საჩივარი. ორგანიზაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

  • #28 დუშეთის #1 უბნის მიმდებარედ ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი პირი, რომელმაც სამ ადამიანს ფული და ამომრჩევლის ბარათები გადასცა.

დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე უბანზე კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარედ 50-მდე ადამიანი არის მობილიზებული და ფეთქებადსაშიში მდგომარეობა იქმნება.
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე კომისიის წევრები ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ ვიდეოგადაღებაში, ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იბარებდნენ საჩივარს.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #33 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში შეჰყვა ამომრჩეველს, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია;
  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #43 უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა რეგისტრატორის მაგიდასთან შემოხაზა სასურველი კანდიდატი ბიულეტენზე, რაზეც არ მიუთითეს კომისიის წევრებმა, ასევე, ამავე უბანზე ერთ-ერთი კომისიის წევრი ამომრჩეველს კარნახობდა, ვისთვის მიეცა ხმა.
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში მიყვებოდა ამომრჩეველს, ამ შემთხვევის კამერით დაფიქსირება სცადა ჩვენმა დამკვირვებელმა, რისი საშუალებაც კომისიის წევრებმა არ მისცეს და დაემუქრნენ გაძევებით. ამ ორგანიზაციის დამკვირვებელმა, მას შემდეგ რაც კაბინაში ვერ შეჰყვა ამომრჩეველს, ამომრჩეველს კაბინაში საკუთარი ტელეფონი მიაწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S