
„მრავალეროვანი საქართველო“: "დამკვირვებელი ფართის სიმცირის მიზეზით არ შეუშვეს უბანზე დაკვირვების განსახორციელებლად"
02/10/2021 07:57:36 საზოგადოება
„მრავალეროვანი საქართველოს“ ცნობით, 07:00-დან 08:00სთ-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა, თუმცა დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის ხარვეზებიც. კერძოდ,
- "მარნეულის 78-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ნაკადის მარეგულირებლის და ყუთის ზედამხედველის გამოსავლენად, თავმჯდომარემ ერთპიროვნულად გადაწყვიტა, ამ ორ ფუნქციას რომელი კომისიის წევრები შეასრულებდნენ, რაზეც „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაიწერა საჩივარი.
- ახალქალაქის 27-ე უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ, თვითნებურად, საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმების გარეშე, საარჩევნო უბანი გადაიტანა სხვა ტერიტორიაზე, მისი განმარტებით, უბნის სახურავის ჩამოვარდნის საფრთხე არსებობდა .
- გარდაბნის მე-11 უბანზე, საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩააგდეს მას შემდეგ, რაც ორმა ამომრჩეველმა უკვე განახორციელა კენჭისყრაში მონაწილეობა.
- ახალქალაქის 54-ე უბანზე, რეგისტრატორს ორი კომისიის წევრი ეხმარებოდა ბეჭდის დარტყმაში და მარკირების გაკეთებაში.
- კრწანისის 24-ე უბანზე, დამკვირვებელი ფართის სიმცირის მიზეზით არ შეუშვეს უბანზე დაკვირვების განსახორციელებლად.
- მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრების დაგვიანებით მისვლის გამო, კენჭისყრა დაიწყო 20 წუთის დაგვიანებით.
- მარნეულის 48-ე უბანი პირველი ამომრჩევლისთვის გაიხსნა 20 წუთის დაგვიანებით, რადგან წილისყრის პროცედურა ჩატარდა წესის დარღვევით, რის გამოც ხელახალი წილისყრა გაიმართა, რაზეც, „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაიწერა საჩივარი.
- გარდაბნის 65-ე უბანზე ორ ამომრჩეველს, შეცდომით მარკირების სითხის ნაცვლად სადეზინფექციო სითხე დაასხურეს. აღნიშნული დარღვევა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც აღმოიფხვრა დარღვევა.
- მარნეულის 48-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ფუნქციების გამოსავლენად, რის გამოც ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რის შემდეგაც ხარვეზი აღმოიფხვრა.
- გარდაბნის მე-60 უბანზე პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ბეიჯის გარეშე, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.
- მარნეულის 22-ე უბანზე, ამომრჩეველი რეგისტრატორის მითითებით, სიაში სხვის გრაფაში აწერდა ხელს, რაც ჩვენი დამკვირვებლის მიერ დროულად იქნა შემჩნეული და აღმოფხვრილი.
- მარნეულის 79-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, კერძოდ არ მიეცა ვიდეოგადაღების საშუალება.
- კრწანისის მე-3 უბანზე, ამომრჩეველმა ბიულეტენში მხოლოდ ერთი გრაფა შეავსო და უბანი დატოვა.
- გარდაბნის 61-ე უბანზე, ამომრჩეველს კენჭისყრაში დაეხმარა ამომრჩეველი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ უბანზე.
- მარნეულის 65-ე უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას“,-აღნიშნულია განცხადებაში.
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.