
ქარტია: "მოვუწოდებთ ხელისუფლებას, "ფორმულას" საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს"
30/09/2021 13:48:57 საზოგადოება
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ "ფორმულას" მფლობელის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა, შესაძლოა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ემსახურებოდეს.
"აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ ხდება სამართლებრივი წარმოების დაწყება. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მოუწოდებს ხელისუფლებას, გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიასაშუალებას საქმიანობაში", – აცხადებენ ქარტიაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამავე უწყების ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და მისი მინისტრობის დროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ნინუას სასამართლოში უჩივის. უწყების ინფორმაციით, მოთხოვნა "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა".