
თარგამაძე – "ოცნებას": "ჩვენ თქვენი არ გვეშინია"
30/09/2021 13:23:58 საზოგადოება
ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ მათი დამფუძნებლის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებით ხელისუფლებას ჟურნალისტების შეშინება და არხის გაჩერება სურს.
"ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჰქონდათ დამფუძნებლებს თუ აქ მომუშავე ჟურნალისტებს, იყო და რჩება ქვეყანაში პოლარიზების შემცირება. დღევანდელ გამოწვევაზე ჩემი და ჩემი კოლეგების პასუხი "ქართული ოცნების" მთავრობისადმი არის, რომ ჩვენ თქვენი არ გვეშინია, რადგან სასწორზე დევს უფრო მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ თაობის ჟურნალისტებისათვის, რომელმაც ბევრი რამ გადავიტანეთ. რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი აქ მომუშავე ჟურნალისტების დასაშინებლად, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამფუძნებლის მიმართ, რომ ხელი აიღოს კრიტიკული მედიის დაფინანსებაზე. ამ ადამიანისგანაც თქვენ გაქვთ მკაფიო პასუხი, რისთვისაც აქ მომუშავე ჟურნალისტები მადლობლები ვართ, არამარტო იმისთვის, რომ დამფუძნებელი თავისი ტელევიზიის გვერდით დგას, არამედ იმის გამო, რომ არსებობს საქართველოში არსებობს რესურსები, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა ქვეყანაში ჩამოყალიბებულ მონოპოლიებს. დღევანდელ გამოწვევაზე, ჩემი და ჩემი კოლეგების პასუხი "ქართული ოცნების" მთავრობისადმი არის, რომ ჩვენ თქვენი არ გვეშინია. სასწორზე დევს გაცილებით მნიშვნელოვანი რამ თითოეული ჩვენგანისთვის. ბევრი რამ გამოვიარეთ და გადავიტანეთ, რათა გადავარჩინოთ საქართველოში სიტყვის თავისუფლება", –განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამავე უწყების ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და მისი მინისტრობის დროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე ნინუას სასამართლოში უჩივის. უწყების ინფორმაციით, მოთხოვნა "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა".