
გუმბარიძე: "ედისონის" კვლევით, "ოცნება" 43%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს, ამან შეტევა დააჩქარა"
30/09/2021 13:18:45 საზოგადოება
"ფორმულას" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ტელეკომპანიაზე მორიგ შეტევას "ედისონ რისერჩის" ბოლო კვლევას უკავშირებს, რომლის შედეგების თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" 43%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს.
მისი თქმით, ტელეკომპანიას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, არჩევნების დღეს ეგზიტპოლი მაინც გავა.
"ორშაბათს "ფორმულას" ეთერში გავიდა "ედისონ რისერჩის" მიერ წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა ის, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას და ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა "ფორმულასა" და მის დამფუძნებელზე. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია "ედისონ რისერჩის" წარმომადგენლებთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სულ რომ დღეს ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი ან მოხდეს სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში", - განაცხადა გუმბარიძემ.
მისივე თქმით, ეს ფაქტი არის ნაწილი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული კამპანიისა, რასაც ახორციელებს ხელისუფლება უკანასკნელ პერიოდში და როგორც ჩანს, "ეს ქმედებები ფინალურ ფაზაში შედის".