
"შემდეგი ნაბიჯი იქნება კეზერაშვილის ქონების დაყადაღება საქართველოში, ინტერესს წარმოადგენს "ფორმულას" წილი"
30/09/2021 11:16:35 საზოგადოება
ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე თავდაცვის ექს–მინიტრ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სარჩელს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ პროცესების სამიზნე ტელეკომპანიაა.
მისი თქმით, "ხელისუფლებას სურს, საქმიანობაში შეუშალოს ხელი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა "ფორმულას" დამფინანსებლის წინააღმდეგ საქმის წარმოებაც".
ზუკა გუმბარიძე არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ნაბიჯი დავით კეზერაშვილის ქონების დაყადაღება იყოს, რადგან ხელისუფლების ინტერესი "ფორმულაში" კეზერაშვილის წილია.
„დღევანდელი გადაწყვეტილება თავდაცვის არის სუფთა პოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება მედიას, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიისთვის ხელშეშლას. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მედიას, რომელიც მისთვის წარმოადგენს ყველაზე დიდ პრობლემას, ერთიანად გაუსწორდეს. დარჩენილი იყო ერთადერთი ძლიერი მედია, ფინანსურად და ინფრასტრუქტურრულად, და საჭირო იყო "მოევლო" ხელისუფლებას. ეს ნაბიჯი ამას უკავშირდება. ვფიქრობთ, შემდეგი იქნება კეზერაშვილის ქონების დაყადაღება საქართველოში და, ბუნებრივია, ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს "ფორმულას" წილი, რათა მიიღონ ჯამში ის, რომ არ იმაუწყებლოს არც ერთმა დამოუკიდებელმა მედიამ. მთავარია, რომ ორ დღეში გვაქვს არჩევნები და მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყანა მიდის რუსეთისკენ, რუსული ტიპის მმართველობისკენ", - აცხადებს ზუკა გუმბარიძე.