Accentnews.ge
საპატრიარქო: "თვალთვალი და მოსმენა მიუღებელია"

საპატრიარქო: "თვალთვალი და მოსმენა მიუღებელია"

29/09/2021 16:55:23 საზოგადოება

საპატრიარქო სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კვლავ, მათ შორის, მედიას აკრიტიკებს და მიყურადების მიუღებლობაზეც საუბრობს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან "საეკლესიო სასჯელის დადება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს", აღნიშნული ფაილები, "მათთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, გადაწყვეტილების მისაღებად გამოუყენებელია".

საპატრიარქო კვლავ იმეორებს, რომ მასალების გავრცელება მიზნად წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვასა და მისი მსახურების დისკრედიტაციას ისახავს.

"გაურკვეველი წარმომავლობის გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია; ერთი კი ცხადია: ამ მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია.

ამასთან იკვეთება აღნიშნული ტელევიზიებისა და, ზოგადად, მასმედიის ორმაგი სტანდარტიც: საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორი მკვეთრად უარყოფითი რეაგირება ჰქონდათ მათ (ისევე, როგორც ყველას) არც თუ ისე დიდი ხნის წინ მასმედიის წარმომადგენლებზე და სხვა პირებთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ეთერში გაშვებაზე. ახლა კი თვითონ არიან დანაშაულის ხელშემწყობნი, - ცილისწამების მთავარი და ყველაზე ფართომასშტაბიანი გამავრცელებელნი, მათ შორის შერჩევითობის პრინციპით.

მაგ. ადრინდელ მნიშვნელოვან მოვლენებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ ეთერში არაფერი გაჟღერებულა თუნდაც იმ საუბრების შესახებ, სადაც მღვდელმთავრების დაპატიმრებასა და საპატრიარქოს შტურმით აღებაზეა საუბარი; ეს ხომ მეტად საგულისხმო ინფორმაციაა?!

ცნობილია, საეკლესიო სასჯელის დადება, უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს; ამიტომაც აღნიშნული ფაილები, მათთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, გადაწყვეტილების მისაღებად გამოუყენებელია.

თუ კონკრეტული სასულიერო პირის შეუფერებელი ქმედების შესახებ რეალური მტკიცებულებების მოპოვება მოხდება, კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლისა და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია განცხახებაში.

ამასთან, საპატრიარქო აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილი გამოძიების დროულად დასრულება.

"გვინდა, ასევე, განვაცხადოთ: იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ხდებოდა მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ასეთი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, საფრთხეს უქმნის სასულიერო პირებისა და მრევლის კომუნიკაციას და არღვევს ქრისტიანულ სწავლებაში აღსარების გაუთქმელობის უმთავრეს და ხელშეუხებელ პრინციპს, დაცულს, როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით.

ეკლესია, თავისთავად, ყოველთვის იცავდა და დაიცავს აღსარების საიდუმლოს და არავის მისცემს უფლებას, აღსარების გაუთქმელობა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე. პირველ რიგში, სწორედ ამის გამო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილი გამოძიების დროულად დასრულება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა უკანონო თვალთვალისა და მოსმენების გამო, ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან მასალის გავრცელებაზე პასუხისმგებელნი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S