
TI: "ჟურნალისტების საქმიანობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში გახდა"
29/09/2021 08:27:17 საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ ქვეყანაში მედიაგარემოსთან მიმართებით არსებულმა მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ჟურნალისტებისთვის, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის, პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში გახდა. ამის შესახებ TI წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასების ანგარიშში წერს.
დოკუმენტი მოიცავს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს.
"საანგარიშო პერიოდში მედიის წინააღმდეგ თავდასხმისა და მუქარის ათობით ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, საჯაროდ გავრცელებული წყაროებზე დაყრდნობით, საპარლამენტო არჩევნებიდან ამ დრომდე მედიის, სულ მცირე, 23 წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. მხოლოდ 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა”, — აღნიშნულია ანგარიშში.
როგორც TI აცხადებს, ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე სათანადოდ არ რეაგირებს:
“მაგალითად, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორები პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ, მიუხედავად არაერთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებისა თუ სახალხო დამცველის მოწოდებისა”.
ანგარიშის თანახმად, "მონიტორინგის პერიოდში მედიის ხელმძღვანელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებიც გამოვლინდა, რამდენიმე ჟურნალისტმა კი სამსახური საკუთარი მედიის მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო დატოვა".
TI–ს ცნობით, მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიულმა და მუქარის შემცველმა რიტორიკამ ყოველდღიური სახე მიიღო. "ასეთი რიტორიკა მედიის წინააღმდეგ ძალადობას ახალისებს და ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ და პოლარიზებულ გარემოს. მართალია, ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის მიმართ მცირე ხნით შეწყვიტა ბოიკოტი, თუმცა მალევე განაახლა ეს რეჟიმი და დღეისათვის მათ პოლიტიკურ გადაცემებში არ მონაწილეობს”, –ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიხაციის განცხადებით, "უსმენენ კრიტიკული მედიის ჟურნალისტებსაც, რასაც ტოტალური ხასიათი აქვს":.
“საჯაროდ გავრცელდა ფაილები, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარულ მოსმენებს ასახავს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ჟურნალისტებისა და მედია კომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების შედეგად, მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55-მა ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი”.
ანგარიშის თანახმად, "კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, მათ შორის, ტელევიზიების მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით”.
TI–ს ცნობით, "სოციალურ ქსელებში გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად".
ანგარიშის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.